ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ
შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, პარტია ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, პარტიები მზად არიან პრეზიდენტს შეხვდნენ.
"ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერნი მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც საკუთარ მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა.
ქალბატონ პრეზიდენტს გვსურს მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვთ, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ საკუთარი არგუმენტაცია, თუ რატომ მიგვაჩნია დღეს ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ნიკა გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საწარმოო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რომელიც ავტომანქანის ეპიზოდს ეხება, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.