პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ 300-მდე ადამიანი დაიღუპა

წინასწარი შეფასებით, 200-დან 300-მდე ადამიანი დაიღუპა ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, - ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება.
"ეს არის ახალი სამხედრო დანაშაული, რომელიც ჩადენილია ღაზის ცენტრში მდებარე "ალ-აჰლი არაბის" საავადმყოფოს დაბომბვისას. დაბომბვის გამო ალ-შიფას სამედიცინო ცენტრში ათობით დაშავებული ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ასობით პაციენტი, დაჭრილი და ავიადარტყმების გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანი იყო განთავსებული“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნულს შეისწავლიან, ვინაიდან, მისი თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, იყო ეს ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დარტყმა თუ "ჰამასის" მხრიდან წარუმატებელი საჰაერო გაშვება.