საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა ღია კენჭისყრით მოხდება
20 სექტემბერი, 2022
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა და 98 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლითაც პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრის ღიაობა იქნება დაშვებული.
საპარლამენტო ჯგუფის „მოქალაქეების“ საკანონმდებლო ინიციატივა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა წარადგინა.
ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში და დგინდება რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია, გამოაკლდება სახალხო დამცველი.
მისი თქმით, ეს ცვლილება საზოგადოებას საშუალებას მისცემს, რომ თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შედეგების მიხედვით.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.