პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იწყება - რა კითხვები აქვს ოპოზიციას
პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა იწყება, სადაც ილია დარჩიაშვილი კანონმდებლების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგება. ანგარიშში მთავარი აქცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გაკეთდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მინისტრთან სხვადასხვა სახის კითხვები აქვთ. პარტია გირჩის წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მისი შეკითხვა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს უკავშირდება და ამ კონტექსტში ის კითხვის დასმას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც აპირებს.
"მთავარი თემები იქნება ჩვენი ევროინტეგრაცია, თუ როგორ უყურებენ ევროპელები ამ ჩვენს პროცესს, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ აქ რაც ხდება ადეკვატურად იყოს ევროპაში ტრანსლირებული და ევროპელების გზავნილები იყოს აქ მოტანილი სათანადოდ და, რა თქმა უნდა, ომი, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს დიდ გავლენას ახდენს ყველაფერზე, მათ შორის ევროინტეგრაციის პროცესზე და ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბებზე, რადგან მით უმეტეს, ამ პასაჟში რაც მოხდა, საბოლოო ჯამში, კითხვებს აჩენს ზოგადად რა არის პრიორიტეტი, შეიძლება თუ არა ჩვენი საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო თუ ეს შიდა პოლიტიკური ამბავია," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს:
"ჩვენი ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად რუსულად და ვხედავთ, რომ მათ შორის - საერთაშორისო რეზოლუციაზე მათ ხელი არ მოაწერეს. მათ შეუძლიათ, რომ კონკრეტული ადამიანების ბოღმების, პირადი განწყობების გამო ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და მაგალითად ხელი არ მოაწერონ იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომ რუსეთი საფრთხეა ცივილიზებული სამყაროსთვის," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციისგან განსხვავებით, საგარეო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრის გიორგი ხელაშვილის თქმით, ქვეყანას წინსვლა აქვს როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის, ასევე ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებითაც:
"ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი, ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებებს, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, ნატოსთან ურთიერთობის მიმართულებით. რაც მთავარია, ქვეყანაში იყო შენარჩუნებული მშვიდობა და ამის გარდა, გვაქვს ძალიან კარგი ზრდა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. ამიტომ, ზოგადად, ჩარჩო არის დადებითი, შეკითხვები, ვფიქრობ, მინისტრთან ძირითადად იქნება დაკავშირებული უშუალოდ სამინისტროს საქმიანობასთან და როგორ ხედავს ის მომავალში ამ წარმატების კიდევ უფრო გაშლას და უფრო მეტის გაკეთებას," - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მოხსენების გარდა რეგლამენტი კითხვა-პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებს.