პეკინში ჩინეთის ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიხსნა
პეკინში ჩინეთის ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
მედიის ინფორმაციით, ფორუმის 10 წლის იუბილეს 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
ჩინეთის ფორუმი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ არის გეგმა, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ათი წლის წინ დაიწყო გლობალური ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ქსელების აშენების პერსპექტივით, რომელიც აზიას აფრიკასა და ევროპასთან დააკავშირებს.
შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზეც ისაუბრეს.
„მომავალ წელს 75 წელი გავა ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს რუსეთთან, ისტორიული ტენდენციების შესაბამისად და მოერგოს მსოფლიოს განვითარების ტენდენციებს, ორი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, ახლა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია.
„დღევანდელ რთულ პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია საგარეო პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ დღესაც განვიხილავთ ამ ყველაფერს, მათ შორის ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.