ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე მოქმედი ბოლო გამშვები პუნქტის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ლაპლანდიაში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 29 ნოემბრის შუაღამიდან 13 დეკემბრამდე დაიკეტება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.
პრემიერს თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, აღმოსავლეთ საზღვარზე ყველა გამშვები პუნქტი დაკეტოს.
გასული კვირიდან ფინეთ-რუსეთის საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტებიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება პორტებსა და აეროპორტებში.
გადაწყვეტილება არ შეეხება რუსეთსა და ფინეთს შორის სატვირთო სარკინიგზო გადაზიდვებს.
შეგახსენებთ, რომ მზარდი მიგრაციის აღსაკვეთად ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე თავისი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა დაიწყო.