პოლიციამ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
29 ივლისი, 2022

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მვკლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 28 ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მირიან კუკავას მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ. ჯ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში,რომელსაც შსს ავრცელებს.