ფოთში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ
30 ივლისი, 2022
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე,კორპუსში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. მათივე თქმით, ყოველი წვიმის დროს შენობაში ისევე წვიმს როგორც გარეთ და კორპუსი გადახურვას საჭიროებს. მათივე განცხადებით, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
დღეს მათ „ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვდნენ. შენგელია ფოთის მერიას მოუწოდებს, დაინტერესდეს ამ ადამიანების პრობლემებით.
„ ეს ადამიანები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, კედლები ენგრევათ, სახლში აწვიმთ. ფოთის მუნიციპალიტეტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს კორპუსი გადაიხუროს. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებას და ფოთის მუნიციპალიტეტს მოვუწოდებთ, აქ მცხოვრებლებს და დევნილებს სასწრაფოდ აღმოუჩინონ დახმარება, რადგან აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშია",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე რეზო შენგელიამ.