ფრე „თელ ავივ ჰითსთან“ - „შავი ლომი“ ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა
18 სექტემბერი, 2022
რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ისრაელის გუნდს „თელ ავივ ჰითს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა 25:25.
მატჩის პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ და აკაკი ტაბუცაძის ლელოს წყალობით 7 ქულით წინ ვიყავით. მიუხედავად ამისა, მეტოქემ მაინც მოახერხა უპირატესობის მოპოვება და შესვენებამდე 4-ქულიანი სხვაობით ვაგებდით. მეორე ნახევარში ლელო კვლავ მივიღეთ და სხვაობა 9-ქულიანი იყო, მაგრამ ლაშა ლომიძისა და დავით აბდუშელიშვილის ლელოების შემდეგ შეხვედრა ფრედ დასრულდა.
სატურნირო ცხრილში 2 ტურის შემდეგ „შავი ლომი“ 7 ქულით პირველ ადგილს იკავებს. 1 კვირაში, 25 სექტემბერს ქართული ფრენჩაიზი „რუმინულ ვულვზს“ დაუპირისპირდება, რომელიც 5 ქულით მე-3 ადგილზეა. 6 ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ „თელ ავივ ჰითს“, ხოლო ბოლო ადგილზე უქულოდ კიდევ ერთი ქართული გუნდი „ბათუმია“.