პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილს გაეროში დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად
31 აგვისტო, 2022
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია სულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა კვლავ არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგურაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე“, - აცხადებს ნათია სულავა.
კანადაში საქართველოს ელჩად კახა იმნაძე დაინიშნა, გაეროში მისი შემცვლელი კი აშშ-ში ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე იქნება.