პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ გაიმართება. მსჯელობა 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდათ კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა მხარი დაუჭირა. დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.
საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 14 ოქტომბრამდე ჰქონდათ ვადა, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია.
სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად იხილეთ ბმულზე.