ფულადი სანქციები და დისკვალიფიკაცია - სასჯელი ბათუმის "დინამოს"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ბათუმის "დინამოსა" და წყალტუბოს "სამგურალის" მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტები განიხილეს.
სხდომას ორივე კლუბის წარმომადგენლები და მატჩის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილეს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ფაქტები, მათ შორის, მატჩის დელეგატის მოხსენებითი ბარათები, მატჩის ვიდეო ჩანაწერი და ვიდეო მასალა.
შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით დინამო ბათუმი მომდევნო საშინაო მატჩს (3 დეკემბერს, ტორპედოსთან) უმაყურებლოდ ჩაატარებს და გარდა ამისა, ფულადი სანქციაც დაეკისრა. კლუბის პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს და დინამო ბათუმის მატჩებზე დასწრება 1 წლით აეკრძალა.
სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით:
დინამო ბათუმი მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს და დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.
დინამო ბათუმის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა, როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.
დინამო ბათუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა დინამო ბათუმის, როგორც საშინაო ისე საგარეო მატჩებზე.
დინამო ბათუმის მთავარი მწვრთელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს - სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.
დინამო ბათუმის გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ "დინამო" "სამგურალთან" დამარცხდა და მატჩის შემდეგ მასპინძლები მსაჯების მუშაობით უკმაყოფილონი იყვნენ, რის გამოც მოედანზე შევარდნენ. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 3 ქულით ჩამორჩება. ბოლოსწინა ტურში ბათუმური კლუბის მეტოქე "გაგრა" იქნება, რომელიც ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.