რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ძალიან დიდხანს იმყოფება და დაიმსახურა უვადო, ხანგრძლივი შვებულება
3 სექტემბერი, 2022

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, ის უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც თანამდებობაზე იმყოფება და უვადო, ხანგრძლივი შვებულება დაიმსახურა.
რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კადიროვმა „ტელეგრამ“ არხში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მეგობრებო, დღეს შევიტყვე, რომ თურმე, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის მე ყველაზე "ხანგრძლივმოქმედი" ვარ. თავადაც შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს შემოვრჩი. მიმაჩნია, რომ სავსებით დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება. ვიმედოვნებ, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, – აღნიშნა კადიროვმა.
მისი თქმით, ის უკვე 15 წელია, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სათავეშია.
„ჩვენ კავკასიელებს, ჩეჩნებს, გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს... ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ“, – ამბობს კადიროვი ვიდეომიმართვაში.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს.