რას წარმოადგენს თურქული კომპანია, რომელიც წყალტუბოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ააშენებს
12 აგვისტო, 2022

თურქეთის წამყვანი კომპანია, Demirören Group საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასტუმრო ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ინვესტიციებს განიხილავს. კომპანია წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, „ძველი ივერიის“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიციას გეგმავს.
Demirören Group არის თურქული კონგლომერატული კომპანია, რომელიც გრძელვადიან და უწყვეტ ინვესტიციებს ენერგეტიკის, მედიის, მრეწველობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროებში ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს.
მის საკუთრებაში შედის თხევადი გაზის სადისტრიბუციო კომპანია, Milangaz, რომელიც თურქული ბაზრის 9%-ს ამარაგებს. კომპანია ფლობს სავაჭრო ცენტრს, Demirören İstiklal-ს ბეიოგლუში, ასევე, რამდენიმე გაზეთს, ტელევიზიასა და რადიოსადგურს. აქვს სააბონენტო სტრიმინგსერვისი D-Smart Go. ამასთან, Demirören თურქული Warner Bros. Discovery-ის არხების ლიცენზირებასა და გავრცელებას ეწევა, როგორიც არის Cartoon Network, Boomerang და CNN Türk.
Demirören Group-ის ყველა აქცია დემირორენების (Demirören) ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკის, სამთო და სამშენებლო სექტორებში.
Demirören-მა 2011 წლის მაისში გაზეთები, Milliyet და Vatan შეიძინა, 2018 წელს ჰოლდინგმა გაზეთი Hürriyet, Posta და ტელეარხები, Kanal D და CNN Türk იყიდა. ასევე, Doğan Group-ის ყველა სხვა მედიააქტივს დაეუფლა. თუმცა იმავე 2018 წლის 31 ოქტომბერს Demirören Group-მა თავისი საგამომცმელო კომპანია Yaysat დახურა.
Milangaz, რომელიც Demirören-ის საკუთრებაში 1972 წლიდან არის, 2011-12 წლებში ბეშიქთაშის მამაკაცთა კალათბურთის გუნდს აფინანსებდა.
კომპანიის დამფუძნებლის, ერდოღან დემირორენის გარდაცვალების შემდეგ, სამძიმრის გამო ოჯახს პრეზიდენტი ერდოღანი ესტუმრა. ოჯახი, როგორც წესი, პრეზიდენტ ერდოღანისა და მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) მხარდამჭერად განიხილება.
2021 წლის თებერვალში კომპანიამ აზერბაიჯანის ლატარიის კომპანია, Azerlotereya ჩაიბარა.
Demirören Group 1956 წელს, სტამბოლში ერდოღან დემირორენმა დააფუძნა.
