რატი იონათამიშვილი - ო'ბრაიენს არ უხსენებია გამჭვირვალობის კანონის გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ჯიმ ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, – ამის შესახებ შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიტაცება პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს და ხელისუფლება ამის შესაძლებლობას არავის მისცემს.
„დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. მესამე მოსმენით ჩვენ დავამტკიცეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმცირესობა, რადიკალური ოპოზიციის სახით ეწინააღმდეგებოდა მას, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ ძალიან ბევრი აქვთ დასამალი ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენი გუნდის ერთიანობამ, საზოგადოების მხარდაჭერამ, რომელიც ძალიან დიდია, დღევანდელმა დღემ გააძლიერა დემოკრატიული პროცესები ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიტაცება პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე, ეს ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს და ცხადია, ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ჯეიმს ო’ბრაიანის ბრიფინგის შესახებ და მის დამოკიდებულებაზე „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.
ობიექტურად რომ აღვნიშნოთ, ო’ბრაიენის ბრიფინგში იყო პოზიტიური და ნეგატიური გზავნილებიც. პოზიტიურ გზავნილებს რაც შეეხება, მის ბრიფინგში არსად იყო საუბარი პროექტის გაწვევაზე და არ იყო ნახსენები, რომ თითქოს ეს კანონი არის რუსული. მან აღნიშნა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო გამჭვირვალობის შესახებ. ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა. მათ ზუსტად საკუთარი დეზინფორმაცია აგებული ჰქონდათ, რომ თითქოს ეს არის რუსული კანონი და მისი გაჯანსაღება არ შეიძლება. ო’ბრაიენმა კანონქვემდებარე აქტების შინაარსზეც კი გაშალა ბრიფინგზე საუბარი. ეს ძალიან საინტერესო ასპექტებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა „იმედის“ ეთერში.