რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს
3 სექტემბერი, 2022

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების ოკუპაციაში სდებს ბრალს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ როდესაც ამის დრო დადგება, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა,
„თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ერდოღანმა მანამდეც არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში. ათენი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი ოკუპაციაში მანამდე არ დაუდანაშაულებია.
საბერძნეთში თურქეთის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ანკარის განცხადებებს და მუქარებს არ აჰყვებიან.
„ჩვენ ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და მოკავშირეებს პროვოკაციული განცხადების შინაარსს, რათა გახდეს ნათელი, ვინ ცდილობს დინამიტის დაყენებას ჩვენი ალიანსის ერთობისთვის ამ სახიფათო დროს“, – განაცხადეს ათენში.
ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, იმ პირობით, რომ ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას არ მოახდენდა. „როიტერის“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას გააგრძელებს.