Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა გაერო-ს სთხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკის საშუალება მისცეს, მსოფლიო ლიდერებს დისტანციურად მიმართოს
15 სექტემბერი, 2022

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193 წევრი ხვალ განიხილავს უკრაინის წინადადებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საშუალება მიეცეს მომავალ კვირას, ყოველწლიურ შეხვედრაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი მიმართოს.
"ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ვერ დაესწრება გენერალური ასამბლეის შეხვედრებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის გამო", - აღნიშნულია გაერო-ში უკრაინის მისიის მიმართვაში.
რუსეთის ელჩმა გაერო-ში ვასილი ნებენზიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ზელენსკის ვიდეოს საშუალებით საუბრის უფლებას.
"ზელენსკი მშვენივრად მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ის აქ ვერ ჩამოდის. თუ ვერ ჩამოდიხარ, ეს ნიშნავს, რომ გენერალურ ასამბლეაზე სასაუბროდ თქვენი წარმომადგენელი უნდა გაგზავნოთ", - განუცხადა ნებენზიამ ჟურნალისტებს.
არსებული გეგმის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს მაღალი დონის შეკრებას სიტყვით 21 სექტემბერს უნდა მიმართოს.