„როიტერი“ - ბალტიის ქვეყნები უარს აცხადებენ, მიიღონ რუსეთიდან დევნილები, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან
22 სექტემბერი, 2022
ბალტიის ქვეყნები უარს აცხადებენ, მიიღონ რუსეთიდან დევნილები, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი არ მისცემენ თავშესაფარს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტეს ქვეყნის დატოვება.
„რუსეთში სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან ამის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის“, – განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ „როიტერს“.
მანამდე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა საქმეები ცალკე უნდა იქნას განხილული.
ავტორი - გიორგი აფხაიძე