„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფს სურს, ბრიუსელს უბიძგოს, დააწესოს გაზის საფასურის ზედა ზღვარი
27 სექტემბერი, 2022

ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფს სურს ბრიუსელს გაზის საფასურის ზედა ზღვარის დაწესებისკენ უბიძგოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შესაბამისი წერილის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა ენერგორესურსებზე მზარდ ფასებთან გასამკლავებლად საგანგებო ზომების პაკეტი წარმოადგინა, თუმცა, გაზის ფასზე ზედა ლიმიტის დაწესებაზე თავი შეიკავა. აღნიშნულმა იდეამ ევროკავშირის 27 წევრს შორის უთანხმოება გამოიწვია.
აღნიშნული ინიციატივის მომხრეები გეგმავენ, ევროკომისიას წერილით მიმართონ და სთხოვონ, პარასკევს, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, დღის წესრიგში დააყენოს გაზის საფასურის ზედა ზღვარის დაწესების საკითხი, შემდეგ კი, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინოს.
„როიტერის“ ცნობით, წერილის ხელმოწერას დაახლოებით ათი ქვეყანა გეგმავს, მათ შორის არიან: ბელგია, იტალია, პოლონეთი, მალტა და საბერძნეთი.
წერილის პროექტში აღნიშნულია, რომ გაზის საფასურის ზედა ზღვარის დაწესება ქვეყნებს დაეხმარება ოჯახებსა და ბიზნესზე ინფლაციურ ზეწოლას გაუმკლავდნენ. იდეის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ღირებულების ლიმიტის დაწესება შესაძლებელია იმგვარად, რომ მიწოდების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
ინიციატივის მოწინააღმდეგეები - რომელთა შორის არიან გერმანია, ნიდერლანდები და დანია - მიიჩნევენ, რომ გაზის საფასურის ზედა ზღვარის დაწესებამ, შესაძლოა, მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას.