„როიტერი“ - სეულში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
25 სექტემბერი, 2022
სეულში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ჩრდილოეთ კორეამ თავის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აღნიშნული ფაქტი სამხრეთ კორეის დედაქალაქში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჩასვლისა და სამხრეთ კორეის და აშშ-ის ჯარების დაგეგმილი სამხედრო წვრთნების წინ მოხდა, რომელშიც აშშ-ის ავიამზიდიც იღებს მონაწილეობას.
„როიტერის“ ცნობით, როგორც სამხრეთ კორეის თავდაცვაში განაცხადეს, ეს მოკლე დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა იყო, რომელიც ფხენიანის პროვინციის ტაეჩონის რეგიონიდან ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათამდე გაისროლეს. მან დაახლოებით 600 კილომეტრი, 60 კილომეტრ სიმაღლეზე იფრინა.
„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობას და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის გენშტაბის განცხადებაში.
სამხრეთ კორეის ეროვნული უშიშროების საბჭომ საპასუხო ზომების განსახილველად საგანგებო სხდომა გამართა, რაკეტის გაშვება დაგმო და მას გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევა და გაუმართლებელი პროვოკაცია უწოდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამხრეთ კორეაში აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის ატომური ავიამზიდი - USS Ronald Reagan-ი ჩავიდა. ერთობლივი წვრთნები 26-29 სექტემბერს გაიმართება. სეულში მიმდინარე კვირას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსაც ელოდებიან.