რუსეთი დეფოლტს განიცდის – ბლუმბერგი
27 ივნისი, 2022

რუსეთი საგარეო ვალდებულებებთან მიმართებაში დეფოლტის ქვეშ მოექცა – ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთს ჰქონდა ფული, რომ დაკისრებული 100 მლნ დოლარი გადაეხადა კვირას, თუმცა საერთაშორისო სანქციების გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა. კრემლი დეფოლტის თავიდან არიდებას ცდილობდა, რაც ქვეყნის პრესტიჟისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.
რუსეთი აცხადებს, რომ 100 მლნ დოლარი, რაც მისი საერთაშორისო ვალის პროცენტის გადასახადია, ბანკ Euroclear-ში გადაგზავნა, რომელსაც შემდეგ ეს თანხა ინვესტორებისთვის უნდა გადაენაწილებინა. თუმცა, ბლუმბერგის თანახმად, ეს გადარიცხვა გაიჭედა და კრედიტორებმა თანხა ვერ მიიღეს. ამასთანავე, როიტერის მიხედვით, რუსეთისგან კუთვნილი თანხები ვერ მიიღეს ტაივანელმა კრედიტორებმაც.
BBC-ის მიხედვით, მართალია დეფოლტი სიმბოლური დარტყმაა, თუმცა ის რუსეთისთვის პრაქტიკულ უსიამოვნებებსაც ნიშნავს. მაგალითად, დეფოლტის ქვეშ ქვეყანა საგარეო ვალს ვერ აიღებს. თუმცა, სანქციებიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ დასავლური ბაზრებისგან სესხების აღება ისედაც გამორიცხულია.
