რუსეთის ხელისუფლებამ მობილიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გამოაქვეყნა
28 სექტემბერი, 2022

რუსეთის ხელისუფლებამ, ქვეყანაში გამოცხადებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით, განმარტებები გამოაქვეყნა.
„ბიბისის“ ცნობით, გაწვევის ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. თუმცა, მათ, ვინც უკვე გაიწვიეს ან უწყება ჩააბარეს, შესაძლოა, საზღვარგარეთის პასპორტის გაცემაზე უარი უთხრან.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზაციის პროცესში პრიორიტეტი ენიჭება იმ პირებს, ვინც საკონტრაქტო სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა. ახალწვეულები, შესაძლოა, რეზერვში გადაყვანის შემდეგ გაიწვიონ. ასევე, პრიორიტეტული წესით, გაიწვევენ 35 წლამდე რიგითებსა და სერჟანტებს, 50 წლამდე უმცროს ოფიცრებსა და 55 წლამდე უფროს ოფიცრებს.
მედია წერს, რომ გაწვევის ზღვრული ასაკი რიგითისა და სერჟანტებისთვის 50, უმცროსი ოფიცრებისთვის 60, ხოლო უფროსი ოფიცრებისთვის 65 წელია. გაწვევას არ ექვემდებარებიან ფსიქიატრიულ დისპანსერში აღრიცხვაზე მყოფი და აივ-ის დიაგნოზის მქონე პირები.
ამასთან, განმარტებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეები, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მობილიზებას ექვემდებარებიან. დღეს მოსკოვში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რუსეთი სასწრაფოდ დატოვონ. ისინი შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა არ აღიაროს მათი ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთის და აშშ-ის) და უარი უთხრას ამ ადამიანებს აშშ-ის საკონსულოს დახმარების ხელმისაწვდომობაზე, ხელი შეუშალოს მათ გასვლას რუსეთის ფედერაციიდან და სამხედრო სამსახურში გაიწვიოს.
თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების მქონე 300 ათას ადამიანს შეეხებოდა. თუმცა, პრაქტიკულად გამოირკვა, რომ გაწვევა ქაოტურად ხდება და იმის დამტკიცება, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გაწვევას, ძალიან რთულია.