რუსთავში რუსთავქალაქობა 2022-ის აღსანიშნავად ემზადებიან
24 სექტემბერი, 2022

რუსთავში რუსთავქალაქობის აღსანიშნავად ემზადებიან. რუსთავის მერიის ინფორმაციით, 25 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ქალაქის მთავარ გამზირზე, კლასიკური ქართული მუსიკის კონცერტი ჩატარდება. დღესასწაულის მთავარი სტუმარი ქართული ესტრადის ცოცხალი ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე იქნება.
კოვიდპანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთავქალაქობა წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.
„25 სექტემბერს გავერთიანდებით ყველა თაობის წარმომადგენელი და ქალაქში ვუმასპინძლებთ ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძეს. საღამოს რვა საათზე ყველას ველოდებით კოსტავას გამზირზე, დარწმუნებული ვარ დაუვიწყარი საღამო გველის წინ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავქალაქობა 2022-ს, რუსთაველებს, ქართული ესტრადის სამი თაობა- ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე ნატალია ქუთათელაძე, თეატრალურის კვარტეტი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით მიულოცავენ. საზეიმო ღონისძიებას კი ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება. რუსთავქალაქობა ტრადიციულად ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება.