სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანითა და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ 4 წლით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.