საბერძნეთის ოპოზიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
26 აგვისტო, 2022

საბერძნეთში ოპოზიციონერის ფარული მიყურადების გამო, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათენში მსვლელობა მოაწყვეს და კონსერვატორების მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
საქმე ეხება ბერძენი კანონმდებლისა და ევროპარლამენტარის, სოციალისტური პარტიის ლიდერის, ნიკოს ანდროულაკისის ფარული მიყურადების გარშემო აგორებულ სკანდალს.
საბერძნეთის უშიშროების სამსახურში დაადასტურეს, რომ ოპოზიციონერი ტელეფონს ფარულად უსმენდნენ. თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან კავშირი კატეგორიულად უარყო. კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, „ბნელი ძალები“ ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას.
სკანდალის აგორების შემდეგ საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. პოსტი დატოვა პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის გენერალურმა მდივანმაც.
მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკანდალზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.
ავტორი - ლევან ახალაია