საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა
საბერძნეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა და პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული კანონი მიიღო. ახალი კანონის თანახმად, ერთნაირსქესიან ოჯახებს ბავშვების შვილად აყვანაც შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პარლამენტში კენჭისყრაზე კანონს მხარი სულ 176-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 76 წინააღმდეგი იყო.
კანონის მიღებას ხელი შეუწყო პირადად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა. „ეს არის ისტორიული ეტაპი ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ასახავს დღევანდელ საბერძნეთს - პროგრესულ, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც სჯერა ევროპული ღირებულებების“, - დაწერა მან სოციალურ მედია X-ზე.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგობებს თავისივე პარტიაშიც შეხვდა. კანონის წინააღმდეგ ასევე გამოვიდა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი. მისი თქმით, ერთაირსქესიანთა ქორწინება არ არის ადამიანის უფლებები და ეს კანონი არ უნდა მიეღოთ.
აღნიშნული კანონის წინააღმდეგ თავისი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც. ელადის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა, იერონიმე II-მ განაცხადა, რომ ახალი კანონი არის მცდელობა ქვეყანაში ახალი რეალობა შეიქმნას, რომელიც საზოგადოების სტრუქტურას ანგრევს.
ათენში ახალი კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.