საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა
10 აგვისტო, 2022

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში, 40-მდე მოზარდი საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში, ინტელექტუალურ, შემეცნებით, სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.
პროექტი მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები. ამასთან, პროექტით დაგეგმილი აქტივობები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ხელს შეუწყობს ერთმანეთთან სოციალური ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში.
აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
