საელჩოებს თანამშრომლების განთავსებისთვის წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტის გაზრდა მოუწიათ
22 აგვისტო, 2022

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, განსაკუთრებით, ახლა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ბინის გაქირავებას ეხება. თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყნაში რუსეთის და ბელარუსის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული. ჭარბი მოთხოვნის ფონზე, იზრდება ფასები, კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 69%-ით არის გაზრდილი.
უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა რომ გაცილებით მაღალია, ვიდრე მიწოდება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უძრავი ქონების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელი დირექტორი ვაჟა მებაღიშვილიც ადასტურებს.
მისი თქმით, ახლა დიპლომატიური კორპუსის როტაციის პერიოდია და მათ კომპანიას, შესაბამის ფასში ბინების მოძიება უჭირს.
„როგორც კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პირველი შოკის ფონზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები აქტიურად შემოდიოდნენ. ამ ეტაპზე პირველი ეფექტი გადავლილია და ინტენსიური შემოდინება აღარ ხდება.
რაც შეეხება ფასებს, პირველ ეტაპზე თებერვალ-მარტში 200-300%-ით იყო გაძვირებული ბინები. პატარა 50 კვადრატი ნუცუბიძეზე 1000 -1500 დოლარი ღირდა. ამ ეფექტმა, როგორც ვთქვი გადაიარა. ახლა სხვა პრობლემაა, თავისუფალი ბინები პრაქტიკულად, აღარ არის. საუბარი მაქვს, კარგ ბინებზე ქალაქის ცენტრში. ფასები პრაქტიკულად, აღარ შემცირებულა, რადგან მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება უძრავი ქონების ბაზარზე.
ჩვენი კომპანია, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს ემსახურება, რომლებსაც ახლა აქვთ როტაციის პერიოდი, რაც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტის გაზრდა გახდა საჭირო, ასე მოუწიათ. ამაში ჩვენც ვართ ჩართული, ვწერთ წერილებს და ანგარიშებს შეცვლილი საერთო ფონის შესახებ“, - განაცხადა მებაღიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
თამარ მუკბანიანი - ავტორი: