საია-ში აცხადებენ, რომ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავრობის წინააღმდეგ დავას იწყებენ
31 აგვისტო, 2022
საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დავას იწყებს. როგორც საია-ში აცხადებენ, უახლოეს დღეებში გეგმავენ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 12 აგვისტოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ. განკარგულების შესაბამისად, ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგინა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს 2022 წლის პირველ ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-მდე უშედეგო მცდელობა. ხაზგასასმელია, რომ სენაკის საკრებულოში, კვორუმის გარეშე სხდომები გაიმართა 2022 წლის 9 თებერვალსა და 23 თებერვალს, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო, ხოლო 2022 წლის 23 თებერვლის შემდგომ, სენაკის საკრებულოს შეკრება აღარც კი უცდია.
გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს. საია-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოთხოვნილი იყო „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მიერ 2022 წლის 12 აგვისტოს გამოცემული №153/2022 განკარგულების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა, იმ მიზეზით, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აქვს მიღებული დადგენილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარი ინიციატივით არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, საია-მ მიმართა მას განცხადებით და მოითხოვა აქტის გამოცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის თაობაზე. ამ დროისთვის არ არის ცნობილი მთავრობის ოფიციალური პოზიცია განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით.
იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს მთავრობა დროულად მოახდენს სათანადო რეაგირებას და იმსჯელებს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობასთან დაკავშირებით. საია უახლოეს დღეებში გეგმავს მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ავტორი - მანანა დევაძე