საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/NtR2x3MVR.webp

საქართველო მსოფლიო ბანკთან პარტნიორობის 30 წლის იუბილეზე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ხდება. მის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წელს საქართველო და მსოფლიო ბანკი პარტნიორობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რომელიც ოფიციალურად 1992 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მალევე გახდა მსოფლიო ბანკის წევრი და მას შემდეგ, მჭიდრო თანამშრომლობის სამი ათწლეულის განმავლობაში, ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტრანსფორმაციული განვითარების პროცესში.

მათივე ცნობით, პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველო დღეს ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA-ს), როგორც დონორი სახელმწიფო. ქვეყნის სახელით შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, დღეს გამართულ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ამასთან, წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკისათვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, თბილისს 13 სექტემბერს ეწვია მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალურის აზიის რეგიონში ანა ბიერდე. მან მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელზეც შეჯამდა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი.

„ჩვენმა ოცდაათწლიანმა წარმატებულმა პარტნიორობამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და მოდერნიზაციაში, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ. მისივე თქმით: „მსოფლიო ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი, საქართველოს ეხმარებოდა და ეხმარება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნაში, ინვესტიციების მოზიდვაში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაში, და რაც მთავარია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მაჩვენებლის თითქმის განახევრებაში. ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი დასტურია დღევანდელი ხელმოწერის ცერემონია, რომლითაც საქართველო, რომელიც მანამდე საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ბენეფიციარი იყო, დღეს ამავე ორგანიზაციის დონორი სახელმწიფო გახდა“,- აღნიშნავს ანა ბიერდე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია 1960 წელს შეიქმნა და ის მსოფლიო ბანკის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს უღარიბესი ქვეყნების დასახმარებლად. გრანტებისა და ნულოვანი და დაბალპროცენტიანი სესხების საშუალებით, ასოციაცია ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, პროდუქტიულობის ამაღლებასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას გლობალური მასშტაბით. საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის წევრი 1993 წელს გახდა და მას შემდეგ, როგორც ბენეფიციარმა, 1.53 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. საქართველომ ასოციაციის ბენეფიციარის პროგრამა 2014 დაასრულა.

„მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობამ გასული სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს. ასეთი მტკიცე და მდგრადი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეძლო რეფორმების განხორციელება ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და ენერგოუსაფრთხოება. ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საქართველო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი გახდეს, არის საქართველოს მადლიერების გამოხატულება იმ დახმარებისთვის, რომელიც ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, და ასევე ადასტურებს ჩვენს სურვილს, შევუერთდეთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევის გლობალურ ძალისხმევას,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, სხვების დახმარებით საქართველო საკუთარ თავსაც ეხმარება, რადგან ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა, გახდეს გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი.

„უდიდესი სიამაყით მსურს მივესალმო საქართველოს, როგორც საერთაშორისო კოალიციის ახალ დონორს - ქვეყანას, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ასოციაციის ბენეფიციარი იყო, ახლა კი ამავე ორგანიზაციის დონორი ხდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევა და ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობის ახალი თავია. სხვების დახმარებით საქართველო საკუთარ თავსაც ეხმარება, რადგან ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა, გახდეს გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი და ასევე, თავისი შთამბეჭდავი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს,“ - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, თანამშრომლობის 30 წლის მანძილზე მსოფლიო ბანკი მხარს უჭერდა საქართველოში განხორციელებულ სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

„ სწორედ ამ რეფორმების შედეგია ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილება, გახდეს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დონორი ქვეყანა, რითაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, როგორც რეფორმატორმა ქვეყანამ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა დგანან რეფორმების განხორციელების გზაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ ნდობისა და მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

წარმომადგენლობის ცნობითვე, პარტნიორობის ოცდაათი წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთლიანობაში 3.88 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარება გაუწია (მათ შორის, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის საშუალებით), რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებისათვის მიმართული 86 პროექტის განხორციელებას მოხმარდა. აქედან 72 პროექტი უკვე დასრულებულია. დარჩენილი 14 პროექტი, ჯამში 1.42 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით, კვლავ მიმდინარეობს. ბანკის ინვესტიციები მიმართულია ისეთი საკვანძო დარგებისა და განვითარების სფეროებისკენ, როგორებიცაა ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება, ადამიანური კაპიტალი (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა), ინოვაციები და ციფრული კავშირები, ისევე როგორც მდგრადი „მწვანე“ ეკონომიკური განვითარება.

მსოფლიო ბანკი კვლავაც საქართველოს საიმედო პარტნიორად რჩება და გააგრძელებს ქვეყნის ტრანსფორმაციული განვითარების მხარდაჭერას გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი, „მწვანე“, ციფრული და ბიზნესზე ფოკუსირებული ეკონომიკის ასაშენებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს ყველა მოქალაქისთვის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო