„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა
18 აგვისტო, 2022

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტის განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს - ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი 60 000 ლარს აღწევს.
„ჩვენი მეურნეობა 0,18 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, რომელზეც განთავსებულია სათბური, სადაც ფისტას თესვა-მოყვანა ხდება. მოყვანილი ნერგის გადარგვა კი 1,25 ჰა მიწის ფართზე ხდება. ამ ეტაპზე 20 000-დან 25 000 ერთეულამდე ნერგი გამოგვყავს. ვგეგმავთ, გამოყვანილი ნერგების რაოდენობა 3-ჯერ გავზარდოთ. პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე ვახდენთ. ბანკის მხარდაჭერით 6 ჰა მიწის ფართის შეძენა შევძელით, სადაც 3 ჰა მიწის ფართზე დამატებით ფისტას ახალაღმოცენებულ ნერგებს გადავიტანთ, ხოლო დანარჩენ ფართზე ვგეგმავთ, ისევ ფისტა გავაშენოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ნერგების მოთხოვნა 10 000 ერთეულამდე იყო, ამ ეტაპზე კი მოთხოვნა დაახლოებით, 3 ჯერ არის გაზრდილი და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. ვფიქრობ, ბიზნესის გაფართოებით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, - ამბობს მცირე მეწარმე, ივანე ლელაშვილი.
„საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსის, გიორგი ბოჩიკაშვილის თქმით, რეგიონებში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება.
„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი მეწარმისთვის შეგვეწყო ხელი, გაეზარდა მეურნეობა და გაეძლიერებინა ბიზნესი. ფინანსური რესურსი გაცემული იყო სასათბურე ფართის მოსაწყობად და მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც დაგეგმილია ნერგების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, მისი გამოყვანა და რეალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი ფისტას ნერგებზე მოთხოვნილება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი ეკონომიკურად გამართლებული იქნება. ეს კი მეწარმეს სამომავლო განვითრების შესაძლებლობას მისცემს. უკვე არის კიდეც ეს გეგმაც, რაც სპეციალური დანადგარის შეძენას მოიცავს, რომელიც უკვე მიღებული ნაყოფის მოხალვისა და ამ ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა.
