საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა და ახალი რეკორდი დაამყარა - ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი წაუგებლად
27 სექტემბერი, 2022

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო, მეექვსე მატჩი გამართა.
ვილი სანიოლის გუნდი გიბრალტარს ეწვია და მასპინძელი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ მოგებით საქართველომ ერთა ლიგის C დივიზიონში მონაწილე 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი უჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისში გაიმართება.
ვინ შეხვდება საქართველოს, 27 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გიბრალტარი მთელი გუნდით დაცვაში იყო და უმთავრესად, გოლის არგაშვებაზე ზრუნავდა. პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების მწვავე შეტევებით დაიწყო და მეორე გოლი ამჯერად გიორგი წიტაიშვილის ანგარიშზეა.
საინტერესოა, რომ ეს საქართველოს ნაკრების წაუგებლად ჩატარებული ზედიზედ მე-11 მატჩი გახლდათ. აქამდე რეკორდი თემურ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებს ეკუთვნოდა, რომელსაც 10 წაუგებელი შეხვედრა ჰქონდა.