erimedia_ravk/HE1oZuVIg.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი

ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი
ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი

erimedia_ravk/HE1oZuVIg.jpeg
8 ნოე

ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს − ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ისტორიული დღე.

„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე, ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს − ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. პრემიერის თქმით, სამთავრობო გუნდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 24 საათის რეჟიმში, მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში, ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს − ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა დღევანდელი დღე მიულოცა თითოეულ მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს აღიარება, ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ხალხს.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, მე ასე ვიტყოდი, ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს დიპლომატებს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარლამენტს, ვინაიდან 100-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული, შექმნილი და უზარმაზარი სამუშაო, უდავოდ უნდა ითქვას, გასწია მთელმა გუნდმა “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, გაიმარჯვა სიმართლემ.

„რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს ისე, როგორც ვაგრძელებდით მანამდეც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მჭიდრო კოორდინაცია გვექნება ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი მმართველი გუნდის 11-წლიანი საქმიანობისა.

„რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, გახსოვთ კარგად, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და, შეიძლება ასე ითქვას, გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე.

მინდა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგებისა. დღევანდელი დღე, შეიძლება ასე ვთქვათ, არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, შეიძლება ასე ითქვას, ევროპეიზაციის 10 წელი, შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან 10-წლიან პერიოდს, ვინაიდან თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა, რაიმე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნება. ეს არის ასოცირების შეთანხმება, შეგახსენებთ, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მე მჯერა, გაფორმდება. ეს არის მოკლედ შეჯამება ჩვენი მუშაობის, მმართველობის. ქვეყანამ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ბოლო 11 წელიწადში მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და გართულებული უსაფრთხოების გარემოსი ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს − „ქართულ ოცნებას“ რომ ისტორიული ცვლილება არ მოეხდინა.

„უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს − „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ვაგრძელებთ − ამ დიდ, ეროვნულ საქმეს.

კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით, გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი, შეიძლება ასე ითქვას, და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, რომ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით.

ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რაც არ დასრულდება 1 და 2 წელში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია სჭირდება და ჩვენი მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების, ეფექტიანი მმართველობა და იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წელია ვახორციელებთ ქვეყანაში.

ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ქვეყნის სრულ ევროპეიზაციამდე, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და დიდი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ვუახლოვდებით ყოველ დღე და მჯერა, დღევანდელი დღე და ისტორიული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენს გუნდს და მივულოცო ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს დღევანდელი ისტორიული გამარჯვება და აღიარება. მივიღეთ დამსახურებული სტატუსი, ისეთი როგორსაც იმსახურებს ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო