საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას, განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით.
ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ანდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ანდა მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას, გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ანდა მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი.
გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთველის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ.