საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
" ,,ბევრ კითხვას ბადებს ქალბატონი პრეზიდენტის ბოლო კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით.
პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, ადამიანისთვის, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე საუბარი. გარდა ამისა, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან” პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია ,,ახლოსაა ძალასთან"?
სამწუხაროა, ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს”, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.