საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 17 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 17 ნოემბერს შედგება. საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში შეიკრიბება, მომდევნო დღეს კი საამიროებისკენ გაემგზავრება
აღსანიშნავია, რომ მაროკო ფიფას რეიტინგში აფრიკის ზონის ქვეყნებს შორის მეორე პოზიციას იკავებს, სრულ კლასიფიკაციაში კი, 22-ე ადგილზე იმყოფება. მაროკოს ნაკრები მუნდიალზე F ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ბელგია, კანადა და ხორვატია ეყოლება. აფრიკელები სასტარტო მატჩს 23 ნოემბერს ხორვატებთან გამართავენ.
მნიშვნელოვანია, რომ მაროკომ სექტემბრის ამხანაგური მატჩები წაუგებლად ჩაამთავრა (2:0 - ჩილესთან, 0:0 - პარაგვაისთან), საქართველოს ნაკრებთან თამაში კი, მუნდიალის წინ ბოლო რეპეტიცია იქნება.
მაროკოს ნაკრებში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუსაირ მაზრაუი (ბაიერნი), სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა), იუნეს ბელჰანდა (ადანა), ჰაკიმ ზიეჩი (ჩელსი), მუნირ ელ ჰადადი (ხეტაფე), სოფიან ბუფალი (ანჟე), იუსეფ ენ-ნესირი (სევილია) და სხვები.
საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი გეგმავს