საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს

23 ივლისი, 2022

erimedia_ravk/TXx1Csg4R.webp

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს და აღნიშნული მოვლენის უდიდეს სამეცნიერო მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„23 წლის წინ, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო საზოგადოება უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდა. 1999 წლის 23 ივლისს პირველმა ქართულმა კოსმოსურმა ობიექტმა - დიდგაბარიტიანმა რეფლექტორმა წარმატებით გაიარა გამოცდა ღია კოსმოსურ სივრცეში და დამოუკიდებელ ორბიტაზე დაიწყო ფრენა. მას შემდეგ, ყოველ 23 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღინიშნება. ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიაში დასაბამი მისცა დროის ათვლის კიდევ ერთი საწყისს - ქართველთა მიერ შექმნილი საინჟინრო ნაგებობა გასცდა დედამიწას და უკიდეგანო კოსმოსში გავიდა.

კოსმოსური რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია. მასთან ერთად, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნაზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები და მკვლევრები.

წელს, დიდი ტრადიციების მქონე პირველი ქართული უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლა 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არ არის მხოლოდ თარიღი, რომელიც სიამაყით გვავსებს - ეს არის ჟამი ქვათა შეგროვების, როცა ვაფასებთ და სისტემურად ვაანალიზებთ განვლილ გზას, რომელიც საქართველოში საინჟინრო სკოლის შექმნას, მის განვითარებასა და მიღწევებს უკავშირდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტვირთა ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო, მანქანათმშენებლობის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამთო, გეოლოგიური, ქიმიური, გამოთვლითი ტექნიკის დარგების საკადრო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური, ტექნოლოგიური განვითარება და მიღწევები.

erimedia_ravk/HKZ8Cyg4g.jpeg

უნივერსიტეტის მოღვაწეობის 100-წლიანი პერიოდი მრავალ წარმატებულ სამეცნიერო ისტორიას მოიცავს და მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და კოსმოსში გაშვებაა. ეს მოვლენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერ-მკვლევრების მოღვაწეობის იმ უმმნიშვნელოვანეს ეტაპს ეხება, რომელმაც განაპირობა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა და საფუძველი ჩაუყარა დიდგაბარიტიანი კოსმოსური რეფლექტორის კოსმოსში გაშვების ისტორიას. გასაშლელი რეფლექტორი დაპროექტდა, დამზადდა და წინასაფრენოსნოდ გამოიცადა საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით. მეტიც, საქართველოში პრიორიტეტული მიმართულების - კოსმოსური ნაგებობისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების დაარსება შესაძლებელი გახდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პოტენციალის ერთობლივი, სისტემური და ხანგრძლივი თანამშრომლობით.

ბატონი ელგუჯა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ინჟინერ-მკვლევრებთან ერთად, დღესაც წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას. დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში აიგო 48 მ სიგრძის, მრავალჯერადი გამოყენების გასაშლელი ხიდი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა; შესრულდა საკონტრაქტო სამუშაოები გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-ის დაკვეთით; ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სატენდერო კონკურსში გამარჯვებით დაიწყო მუშაობა ახალი თაობის დიდი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის შესაქმნელად. პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პარტნიორობას უწევდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: იტალიური Alenia Aerospacio, ესპანური Sener-ი, ავსტრიული Magna, შვეიცარიული HTS-ი და სხვები; ბოლო წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ელგუჯა მეძმარიაშვილის მიღწევების გათვალისწინებით, ამერიკულმა კომპანია EOS Data Analytics-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია T.S.Georgia, რომელიც ამერიკისთვის ქმნის დიდ გასაშლელ კოსმოსურ რეფლექტორს მცირე ზომისა და წონის თანამგზავრებისთვის. სამუშაოები, T.S. Georgia-ს გენერალურ კონსტრუქტორ ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულდება.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ელგუჯა მეძმარიაშვილის, როგორც იმდროინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალგაზრდა მკვლევრის, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების აღიარებას, 1981 წლის 1 იანვრიდან, მოჰყვა „სრულიად საიდუმლო“ მრავალმილიონიანი საკავშირო პროგრამის – „სამხედრო ტექნიკის პერსპექტიული მიმართულებები და მათი რეალიზაციის ფორმები“ შემუშავება. შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ამ უპრეცედენტო ფაქტმა უდიდესი ისტორიული შედეგი გამოიღო არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოში, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაპროექტდა, დამზადდა და შემდეგ, კოსმოსურ ორბიტაზე გავიდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი.

კოსმოსური ობიექტის შექმნის პრინციპები შემუშავდა, ექსპერიმენტული კვლევები ჩატარდა, აწყობის ტექნოლოგიური ციკლი განისაზღვრა და გამოიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მცხეთის სასტენდო კომპლექსში, რომელიც არაგვის ველზე, სოფელ საგურამოსთან მდებარეობს და რომელსაც მე-20 საუკუნის 80–90-იან წლებში მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა. კოსმოსური ობიექტის პროექტი დამუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მიერ. კოსმოსური ობიექტის ორი – საფრენოსნო და სარეზერვო ეგზემპლიარი დამზადდა თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც მათი საქარხნო გამოცდებიც ჩატარდა. ობიექტის საფრენოსნო ეგზემპლიარი, დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტის სახით, მომზადდა და გაიგზავნა „ბაიკონურის“ კოსმოდრომზე, სადაც ის კოსმოსურ ხომალდში განათავსეს. კოსმოსური ობიექტის სარეზერვო ეგზემპლიარის სასტენდო, წინასაფრენოსნო გამოცდები კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსური ტექნიკის სასტენდო დარბაზში ჩატარდა.

1999 წლის 16 ივლისს რაკეტა-მატარებელმა, კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს-42“-ის ორბიტაზე გასაყვანად, რომელშიც განთავსებული იყო რეფლექტორის დაკეცილი, სატრანსპორტო პაკეტი, კოსმოდრომ „ბაიკონურიდან“ სტარტი განახორციელა. 1999 წლის 18 ივლისს კოსმოსური ხომალდი შეუპირისპირდა ორბიტულ სადგურს, 1999 წლის 19 ივლისს კი კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორის დაკეცილი პაკეტი - დიამეტრით 0,6 მეტრი, სიმაღლით 1,2 მეტრი და მასით 34 კგ - კოსმონავტებმა კოსმოსური ხომალდიდან მსოფლიოში იმ დროს ერთადერთ, ორბიტულ სადგურ “მირ”-ზე გადაიტანეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო