საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა განცხადებას ავრცელებს
30 ივლისი, 2022
საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, უსინათლოთა კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ შეთავაზება ძალაშია და მათ სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება.
„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საკითხი უსინათლოთა კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. ეს საკითხი განიხილა სახალხო დამცველმა და წარმოადგინა რეკომენდაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსინათლოთა კავშირის გამგეობას სურს, დააფიქსიროს შემდეგი: 12-მა თანამშრომელმა, რომელთა შორის არ იგულისხმება ცენტრის ყოფილი დირექტორი, საკუთარი გადაწყვეტილებით, ყოფილი დირექტორის აღდგენამდე, განაცხადეს უარი სამსახურში გამოცხადებაზე, რაზედაც ცენტრის ადმინისტრაციამ, კანონმდებლობის შესაბამისად ისინი გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში მოხდებოდა მათი სამსახურიდან დათხოვნა, რაც სამწუხაროდ განხორციელდა.
კავშირის საწესდებო ამოცანების შესაბამისად, გამგეობის რეკომენდაციით, უსინათლოთა კულტურის ცენტრის დირექტორმა, თითოეულ გათავისუფლებულ თანამშრომელს წერილობით გაუგზავნა შეთავაზება, რომლის თანახმად 14 მარტიდან, მათ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეეძლოთ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული 12 თანამშრომლიდან ერთი დათანხმდა შეთავაზებას და 14 მარტიდან მუშაობს მის ყოფილ თანამდებობაზე, ხოლო 11-მა თანამშრომელმა კვლავ ულტიმატუმის ფორმით უარი განაცხადა საქმიანობის დაწყებაზე.
იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ორაზროვნება, გამგეობა კვლავ აფიქსირებს, რომ ცენტრის ადმინისტრაციის შეთავაზება გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ დღემდე ძალაშია. მათ სურვილის შემთხვევაში ხვალვე შეუძლიათ განაგრძონ საქმიანობა. უფრო მეტიც, როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი აღნიშნულ შრომის დავაზე უკვე ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, სადაც შესაგებელში მოპასუხეს მონიშნული აქვს მორიგების სურვილი და გამოთქვამს იმედს, რომ საბოლოოდ საქმე მორიგებით დასრულდება”, - ნათქვამია საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.