საქართველოში იურისტთა ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა LawPort - „ლოპორტი“ დღეიდან გაეშვება
1 ივნისი, 2022

დღეიდან მომხმარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საქართველოში იურისტთა ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმით LawPort - „ლოპორტი“ (lawport.ge). „ლოპორტის“ მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს სამართლებრივი ამოცანის გადასაჭრელად შესაბამისი იურისტი საქართველოს ყველა რეგიონში დროის, ენერგიისა და ფინანსური რესურსის მინიმალური დანახარჯით.
„ლოპორტი“ პირველი ქართული ციფრული იურიდიული პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისა და იურისტის დაკავშირებას სწრაფად და მარტივად, სპეციალურად პლატფორმისთვის შექმნილი ალგორითმის მეშვეობით. პლატფორმაში ჩაშენებული ალგორითმი პირველ ეტაპზე შეარჩევს ლოპორტზე რეგისტრირებულ ყველა იურისტს, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის მიერ განთავსებული სამართლებრივი დავალების შესასრულებლად საჭირო სამ კრიტერიუმს: შესაბამისი ენის ცოდნას, დავალების შესრულებისთვის საჭირო ვიწრო სპეციალიზაციასა და ტერიტორიულ დაფარვას. შერჩეული იურისტები 24 საათის განმავლობაში გააკეთებენ საფასო შეთავაზებას კონკრეტული სამართლებრივი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით. 24 საათის ამოწურვის შემდეგ, პლატფორმა შეარჩევს საფასო შეთავაზების განმათავსებელ იურისტებს შორის სამ კანდიდატს, რომლებსაც პლატფორმაზე აქვთ ყველაზე მაღალი რეიტინგი და ოპტიმალური განფასება. შესაბამისად, მომხმარებელს თავად ექნება შესაძლობლობა კონკრეტული დავალების შესრულებისთვის სამ საუკეთესო კანდიდატს შორის აირჩიოს ერთი და მასთან დაიწყოს თანამშრომლობა.
