საქართველოში მცხოვრები კიდევ 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში მიიღებს
საქართველოში მცხოვრები კიდევ 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ კანონპროექტი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განიხილეს.
სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საცხოვრებლები თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანში და ხაშურში მდებარეობს.
სხდომაზე განიხილეს ასევე კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება.
პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, დაახლოებით 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ა. შ. პროექტის დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს.