საქართველოსთვის ევრობასკეტი თბილისში დასრულდა - პლეი ოფში მონტენეგრო, ბელგია, თურქეთი და ესპანეთი გავიდნენ
7 სექტემბერი, 2022

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. ჩვენს გუნდს მერვედფინალში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა – შინ მონტენეგრო უნდა დაემარცხებინა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 73:81 დამარცხდა.
ასე და ამგვარად A ჯგუფიდან პლეი ოფში გავიდნენ ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო. ბარიერი ვერ გადალახეს საქართველომ და ბულგარეთმა.
რაც შეეხება მატჩს, მონტენეგრომ ამ ევრობასკეტზე კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეკრული და ხარისხიანი გუნდია. თავის მხრივ საქართველომაც მობილიზებულად ითამაშა და ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ.
მეოთხე პერიოდის დასაწყისში მონტენეგროელები დუბლიევიჩის სამქულიანით 9 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ – 61:52. ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა მატჩში. თუმცა საფინალო სირენამდე 3:20 წუთით ადრე სანდრო მამუკელაშვილმა ანგარიშში სხვაობა სამამდე შეამცირა – 62:65.
მანამდე მონტენეგროს ხუთი პერსონალური შენიშვნის გამო გამოაკლდა ლიდერი ბოიან დუბლიევიჩი, რომელიც ფარქვაშიც სახიფათო იყო და პერიმეტრიდანაც.
ბოლო წუთებზე მონტენეგროელები უკეთ გამოიყურებოდნენ, გააზრებული თამაშით უპირატესობა შეინარჩუნეს და დამსახურებულად გავიდნენ 1/8 ფინალში, სადაც სლოვენიას შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა თად მაკფადენს ჰქონდა – 15, სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა. შერმადინმა და სანაძემ 14-14 ქულა ჩააგდეს.
მონტენეგროში 22 ქულით იგორ დრობნიაკი გამოირჩა.
ავტორი - ვაჟა სიმონიშვილი, თამარ ყულუმბეგაშვილი