სალომე ზურაბიშვილი - ვნახეთ ევროპარლამენტარებთან პინგ-პონგი - მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს ელოდება, მიუღებელია
20 ივლისი, 2022
მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს. ეს არის მიუღებელი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა უცხოელ პარტნიორებთან ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას პინგ-პონგი უწოდა და მოუწოდა, „დიალოგი სხვა ფორმატში გადაიყვანოს“. „თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების 85%-ს, [საჭიროა] მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, გარკვევა რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში არ ვეთანხმებით - ეს ცალ-ცალკე არ ხდება და ეს ძალიან მარტივად არის ყველასთვის გასაგები. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რადგანაც მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის ხელში - ეს იქნება პარლამენტში, თუ მთავრობაში. მათ ხელში არის ამ კანდიდატურის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ. ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ მუშაობაზე იმ ერთმანეთთან ჭიდილის რეჟიმიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით არის, არამედ ასევე არის გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. ისიც ვთქვი, შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ არ იყოს პასუხები და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი გადავიყვანოთ ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას: არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები მაგალითად იმაზე,რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს - ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისათვის,რომ ყველანაირად გვაჩვენონ - მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.