სამინისტროს ინფორმაციით, 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია გადამუშავებული
18 სექტემბერი, 2022

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის უფროსის, ლაშა შალამბერიძის ინფორმაციით, დღეისათვის უკვე გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი.
„დღეისათვის, უკვე გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი; ფერმერებმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
შიდა ქართლის მხარის რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, გორში შექმნილი შტაბი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს, რათა მოხდეს მიღებული მოსავლის ორგანიზებული ჩაბარება და დაბინავება.
„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.