საფრანგეთი დიზელის მიღებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან შეთანხმებას მოაწერს ხელს
15 ივლისი, 2022
საფრანგეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ორშაბათს ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ახლო აღმოსავლეთის ეს სახელმწიფო გარანტიას მისცემს ოფიციალურ პარიზს დიზელის მიწოდებაზე. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
ეს შეთანხმება ემთხვევა საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის ვიზიტს საფრანგეთის დედაქალაქში, რომელიც 17-19 ივლისს უნდა შედგეს.
„ეს არის ძლიერი და სიმბოლური ჟესტი. ორშაბათის შეთანხმება მიზნად ისახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საფრანგეთისთვის გარანტიების მიცემას დიზელის რაოდენობის მიწოდებაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც დაგეგმილი ვიზიტის აღწერას ეხება.
საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.