საფრანგეთი სახელმწიფო სკოლებში მუსულმანური სამოსის - აბაიას აკრძალვას აპირებს
ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთი საჯარო სკოლებში ბავშვებს აბაიას - ქალების ტრადიციული გრძელი მოსაცმელის ტარებას აუკრძალავს. ამის შესახებ კვირას საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა.
საფრანგეთი, რომელმაც საჯარო სკოლებში რელიგიურ ნიშნებზე მკაცრი აკრძალვა დააწესა მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის კანონებით საჯარო განათლებაზე ნებისმიერი სახის ტრადიციული კათოლიკური გავლენა გაუქმდა, ყველა ღონეს ხმარობს, რომ მზარდ მუსლიმ უმცირესობასთან მიმართებაში ახალი წესები შემოიღოს.
2004 წელს მათ სკოლებში თავსაბურავის ტარება, ხოლო 2010-ში საჯარო ადგილებში სახის სრულად დაფარვა აკრძალეს, რასაც საფრანგეთში მცხოვრები 5 მილიონიანი მუსლიმი მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა.
"გადავწყვიტე, რომ სკოლებში აბაიას ტარება აღარ უნდა იყოს დაშვებული", - განაცხადა საფრანგეთის განათლების მინისტრმა, გაბრიელ ატალმა სატელევიზიო არხ TF1-სთვის მიცემულ ინტერვიუში. "როდესაც საკლასო ოთახში შედიხართ, მათი გარეგნული ნიშნების მიხედვით მოსწავლეები რელიგიური ნიშნით ვერ უნდა განარჩიოთ", - დასძინა მან.
სეკულარიზმის დაცვა საფრანგეთის პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშანია - დაწყებული მემარცხენეებით, რომლებიც განმანათლებლობის ლიბერალურ ღირებულებებს იცავენ, ულტრა-მემარჯვენე ამომრჩევლებით დამთავრებული, რომლებიც ფრანგულ საზოგადოებაში მზარდი ისლამური გავლენის წინააღმდეგნი არიან.