საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა
საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა ჯგუფი საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტის ტექსტზე შეთანხმდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ტექსტს ფართო კონსენსუსი ჰქონდა. კანონპროექტი 27 მარტს დაამტკიცეს საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში, ეროვნულ ასამბლეაში, 23 მაისს კი სენატში.
კანონპროექტი აძლიერებს ჩარევის ოპერაციების მონიტორინგს, სადაზვერვო სამსახურებს საშუალებას აძლევს, საეჭვო ონლაინაქტივობები ალგორითმული მონიტორინგის საშუალებით შეამოწმონ. ეს ინსტრუმენტი მხოლოდ ტერორიზმის პრევენციისთვის არის ავტორიზებული.
კანონპროექტის ტექსტში შენარჩუნებულია სენატის იურიდიული კომიტეტის მიერ შემოტანილი რამდენიმე შესწორება, კერძოდ, ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია „უცხოური სუბიექტის ინტერესების მსახურების მიზნით“. დანაშაულებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, ისჯება სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი ექვს წლამდე გაიზრდება. ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით დასჯილი დანაშაულის ჩამდენს კი უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საბოლოო ტექსტში ასევე შენარჩუნდა სენატში, საჯარო სესიაზე დებატების დროს მიღებული რამდენიმე ცვლილება. გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სია, რომელშიც შედის, მაგალითად, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის წევრები და ყოფილი წევრები, გავრცელდა ევროპული არჩევნების კანდიდატებზეც.
რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდება არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრისა. ცვლილებებით შეთანხმებული ტექსტი მთავრობას ავალდებულებს, პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში საფრთხეების მდგომარეობის შესახებ, მაშინ როდესაც თავდაპირველად ანგარიშის წარდგენა ყოველ ორ წელიწადში იყო გათვალისწინებული. ასევე შენარჩუნდა შესწორება, რომელიც საფრანგეთში უცხოური ინვესტიციების კონტროლის შესახებ ყოველწლიური დებატების მოწყობის საშუალებას იძლევა.
კანონპროექტის მიზანია, დადგინდეს უცხოური ინტერესების წარმომადგენლები, რომლებიც ლობირებენ საფრანგეთში და დარეგისტრირდნენ ეროვნულ რეესტრში.
დამნაშავეთათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი სანქციების რეჟიმი. კანონპროექტის ტექსტი ასევე ითვალისწინებს ჩარევის საქმიანობით დაკავებული პირების, კომპანიების ან სუბიექტების ფინანსური აქტივების გაყინვის შესაძლებლობას. ამ რეესტრის მართვას განახორციელებს „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“.