საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ
საფრანგეთში დეპუტატები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. კანონპროექტი უახლოეს დღეებში – ორშაბათს სენატის და ოთხშაბათს ასამბლეის მიერ საბოლოო კენჭისყრის შედეგად მიიღება.
კანონპროექტი საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 27 მარტს დიდი უმრავლესობით, 171 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო 22 მაისს საფრანგეთის სენატმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 30 მაისს გაიმართა ტექსტის განხილვა შერეული პარიტეტული კომისიის მიერ. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ კანონპროექტის ავტორი საშა ულიე და რესპუბლიკელი სენატორი ანიეს კანაიერი.
კანონპროექტის ტექსტი ითვალისწინებს უცხო ძალის სახელით/სასარგებლოდ მოქმედი იმ აქტორების რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. აღნიშნული „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს“ (HATVP) მიერ კონტროლდება.
ამასთან, კანონი მიზნად ისახავს სადაზვერვო სამსახურებისთვის ალგორითმის სახელით დაზვერვის ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებას. კერძოდ, უცხოური გავლენის მონიტორინგის გარდა, კანონი მნიშვნელოვნად აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის ჩარევის ოპერაციების გამოსავლენად.
ზოგადად, კანონით უცხო სახელმწიფოს სახელით ჩადენილი დანაშაული უფრო მკაცრად დაისჯება. როგორც რესპუბლიკელმა სენატორმა, ანიეს კანაიერმა აღნიშნა, „ძირითადად მიღებულია სენატის გზავნილები“. ამგვარად, ტექსტში შენარჩუნებულია სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე შესწორება. მათ შორის, ახალი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია „უცხოური ინტერესების გატარების მიზნით“. კერძოდ, დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, ამ შემთხვევაში სასჯელი ექვს წლამდე გაიზრდება, ხოლო დანაშაულისთვის, რომელიც აქამდე ოცდაათი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, დანაშაულის ჩამდენს უვადო პატიმრობა ემუქრება.
საბოლოო ტექსტში ასევე შენარჩუნებულ იქნა რამდენიმე შესწორება, რომლის კენჭისყრაც სენატში საჯარო დებატების ფარგლებში მოხდა. მაგალითად, გაფართოვდა გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სია, რომელიც მოიცავს მთავრობის წევრებსა და ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის ყოფილ წევრებს. აღნიშნული ტექსტში შევიდა სოციალისტი სენატორის, ჟერომ დიურენის წინადადების საფუძველზე. საჯარო დებატების დროს, კომუნისტმა სენატორმა, პასკალ სავოლდელმა ასევე წარადგინა ცვლილება, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში საფრთხეების მდგომარეობის შესახებ. აქამდე აღნიშნული ორ წელიწადში ერთხელ ხორციელდებოდა. საბოლოოდ, კანონში შევიდა რენესანსის სენატორის, ჟან-ბატისტ ლემოინის ცვლილება, რომელიც საფრანგეთში უცხოური ინვესტიციების კონტროლის შესახებ ყოველწლიური დებატების გამართვას ითვალისწინებს.
რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება ძალაში შევა არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრისა, შესაბამისად, არ შეეხება მიმდინარე არჩევნების კანდიდატებს, მაშინ, როდესაც ევროპარლამენტში რუსული ჩარევების მიმართ დიდი ეჭვია.