საფრანგეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
15 ივლისი, 2022
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძლიერი ქარის და სიცხის გამო ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საფრანგეთში, ჟირონდაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული რეგიონი დაეტოვებინა.
ათობით ხანძარია პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ორ ქვეყანაში სიცხეს სულ მცირე 281 ადამიანი ემსხვერპლა.
ამასთან, ესპანეთის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე ქალაქში ევაკუაცია განხორციელდა.
მიმდინარე კვირაში ტყის ხანძრების შესახებ იტალიამ და ხორვატიამაც განაცხადეს.
ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად გაზარდა ტყის ხანძრების რისკი საბერძნეთის ხუთ რეგიონში. ცენტრალური საბერძნეთი, ატიკა და კრეტა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორისაა და ოფიციალურმა პირებმა ბერძნებს მოუწოდეს, არ ჩაიდინონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს.
პარასკევს ხანძარი დაფიქსირდა კრეტაზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა სასწრაფო მიმართვა გაავრცელეს და ათენის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდეს, სოფელი ფერიზა სარონიკოსი დაეტოვებინათ.