სასამართლო სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
18 ივლისი, 2022
თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურამ სასამართლის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამასთან პროკურატურის ინფორმაციით, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.