სასამართლომ დონალდ ტრამპს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე, ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა და ნიუ იორკის შტატში სამი წლით ბიზნესსაქმიანობა აუკრძალა
ნიუ იორკის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და, ჯარიმის სახით, 355 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამასთან ერთად, ტრამპს ნიუ იორკის შტატში ბიზნესსაქმიანობა სამი წლით აუკრძალეს.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპის ორგანიზაცია საკუთარი უძრავი ქონების ფასს ხელოვნურად ზრდიდა და ამ გზით შეღავათიანი საბანკო კრედიტებით სარგებლობდა.
ნიუ იორკის პროკურატურა ტრამპს თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებასა და ცრუ ფინანსური ანგარიშების შედგენაში სდებდა ბრალს.
გარდა ამისა, სასამართლომ ტრამპს აუკრძალა ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება ნიუ იორკის შტატში რეგისტრირებულ ნებისმიერ კომპანიაში. ანალოგიური შეზღუდვა, თუმცა არა სამი, არამედ ორი წლით, დაუწესდათ ტრამპის შვილებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტრამპის ორგანიზაციას დამოუკიდებელი მონიტორინგი გაუწევს ზედამხედველობას.
ტრამპის ბიზნესიმპერიის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ტრამპის კომპანიები არ ახდენდნენ შემოსავლების დეკლარირებას და არ იხდიდნენ გადასახადებს ნიუ იორკის შტატის ბიუჯეტში.